საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

2017-05-17 16:44:42

17-18 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-19 სხდომას მასპინძლობს. მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გახსნეს.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა და წარმომადგენლებმა. მათ გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. დისკუსია გაიმართა ისეთ თემებზე როგორიცაა: სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობის სისტემები წევრ სახელმწიფოებში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები ინტერნეტში; ცნობიერების ამაღლების წარმატებული კამპანიები, კომუნიკაციის სტრატეგიები; სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროების პრაქტიკა, მიდგომები სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში.

სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გაერთიანების შიდა რეგულაციებსა და წესებზე, თანამშრომლობის ფორმატებსა და გაერთიანების შემდგომი განვითარების გზებზე.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანება (CEEDPA) მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობას, წევრ სახელმწიფოთა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას. საქართველო გაერთიანების წევრი 2014 წელს გახდა.