ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარები გაიხსნა
2017-05-06 16:41:336 მაისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორდღიანი სემინარი გაიხსნა. სემინარი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება.
საკვირაო სემინარში მონაწილეობს ჟურნალისტიკის მიმართულების 20-მდე ლექტორი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. სემინარში ჩაერთვნენ, როგორც თბილისის, ისე რეგიონების უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სემინარის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვასა და მის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილებასა და პრაქტიკაზე, ფუნქციებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. ასევე, სემინარის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსზე.
საკვირაო სემინარების მთავარ მიზანს ჟურნალისტიკის, მასობრივი კომუნიკაციებისა და მედია-კვლევების მიმართულებით მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებასა და სასწავლო პროცესში პერსონალური მონაცემების შესახებ აკადემიური დისკუსიის წახალისებას წარმოადგენს.