პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2017-05-05 16:39:39

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვითა და განხორციელებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოპულარიზაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებსა და პროექტებს, მათ შორის, ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, მოამზადებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2013 წელს გაფორმდა და მის ფარგლებში ორგანიზაციებმა არაერთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს.