პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში - ინსპექტორის აპარატისა და კერძო სექტორის მონაწილეობით სემინარი გაიმართა
2017-05-04 16:38:32დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა - პრაქტიკა და გამოწვევები - კომპანია დელოიტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართეს. დისკუსიის მონაწილეებმა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და რისკებზე იმსჯელეს, რომელიც შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება.
„ორგანიზაციის მიერ მისი თანამშრომლების პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაქმების მომენტამდე იწყება, გრძელდება მთელი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და, შესაძლოა, მისი დასრულების შემდეგაც. შესაბამისად, შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა განვიხილოთ, როგორც ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი.“ - მიიჩნევენ კომპანია დელოიტში.
საკითხის აქტუალობაზე მიუთითებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრაქტიკა. 2016 წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი კერძო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად დადგინდა დასაქმებულთა მონაცემების განუსაზღვრელი ვადებით შენახვის შემთხვევები, მოქალაქეები მიმართავდნენ ინსპექტორს სამუშაო ადგილზე მიმოწერის მონიტორინგთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევასაც.
„რიგ შემთხვევებში ორგანიზაციებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი, მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით დაამუშაონ დასაქმებული პირების შესახებ გარკვეული მოცულობის ინფორმაცია, თუმცა ორგანიზაციების ინტერესების დაცვა არ უნდა მოხდეს დასაქმებულ პირთა უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის ხარჯზე.“ - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშში.
სემინარში მონაწილეობა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სადაზღვევო და საბანკო სექტორის, ასევე ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.