მსოფლიო ტენდენციები და პრაქტიკის გაზიარება - კვიპროსში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საგაზაფხულო კონფერენცია გაიხსნა
2017-04-27 16:36:12პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საგაზაფხულო კონფერენციაზე შეიკრიბნენ. მაღალი რანგის შეხვედრა, რომელიც ევროპის რეგიონის ქვეყნებს აერთიანებს, მიზნად პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაანალიზებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავს.
საქართველოს კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე წარმოადგენენ. თამარ ქალდანმა ბრიტანელ, იტალიელ, მალტელ და ხორვატ კოლეგებთან, ასევე ფეისბუქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფროს ოფიცერთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო პანელში, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა. ინსპექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული კამპანიების შესახებ და კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
საგაზაფხულო კონფერენციაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიც არის ევროკავშირში მიმდინარე პერსონალური მონაცემების დაცვის რეფორმის იმპლემენტაცია; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამჭვირვალობა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დიდ მონაცემთა ბაზებზე წვდომა, გენომისა და დნმ-ის ბაზები მონაცემთა დაცვის კუთხით. საგაზაფხულო კონფერენცია 28 აპრილს დაიხურება.