პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

2017-04-20 16:34:12

„პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ახალ ეტაპზე გადავიდა.“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეს პარლამენტის სხდომაზე მოუსმინეს. 2016 წლის ანგარიშში დეტალურადაა განხილული ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები, მათზე რეაგირების შედეგები, დინამიკა და რეკომენდაციები. სიტყვით გამოსვლისას კი თამარ ქალდანმა ყურადღება ძირითად ტენდენციებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავება შემდეგ ორგანიზაციებში/სექტორებში შეისწავლა:

 

შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი; 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35-ს მიეცა გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია; 2015 წელთან შედარებით 2016-ში 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი;

 

გასული წლებისგან განსხვავდება მოქალაქეთათვის აქტუალური თემებიც. 2016 წელს განცხადებების დიდი ნაწილი ეხებოდა მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებზე წვდომას და მათი სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებას, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

„წლიდან წლამდე იზრდება მოქალაქეთა ინტერესი და ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება. საზოგადოების დაკვეთაა აღებული გეზი და დაწყებული რეფორმა თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს და პროგრესმა შეუქცევადი სახე მიიღოს- განაცხადა თამარ ქალდანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ინსპექტორმა ისაუბრა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისა და ეფექტური კონტროლის თემაზეც. მისი თქმით, ინსპექტორის აპარატმა მაქსიმალური ძალისხმევა გასწია მანდატის სათანადოდ განხორციელებისათვის.

„ინსპექტორის აპარატი 24 საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში დროულად ახდენდა სასამართლოდან, პროკურატურიდან და კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი რეაგირებას. მაქსიმალური ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ საზედამხედველო ფუნქცია ეფექტურად განხორციელებულიყო და ასეთივე მიდგომით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას 2017 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებშიც.“ - განაცხადა თამარ ქალდანმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა აპარატის ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივასა და საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჭიროებებზეც. ასევე ხაზი გაუსვა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი - კონსტიტუციის გადასინჯვა, მინდა ხაზი გავუსვა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელობას და ქვეყნის უზენაეს კანონში მათი დაცვის მექანიზმების განმტკიცების შესაძლებლობას. ვინაიდან დაცული პირადი ცხოვრება ამავე დროს ადამიანის ღირსების დაცვისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების წინაპირობაა. ძლიერ სახელმწიფოს კი თავისუფალი და დაცული მოქალაქეები ქმნიან.“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.

დეპუტატების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახლად ამოქმედებულ კანონმდებლობას, ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მიერ მონაცემების გამჟღავნებასა და დასაქმებული პირების მონაცემების დაცვას. პარლამენტის წევრები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მთავარი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ინსპექტორის მოსაზრებებითაც დაინტერესდნენ.

საერთო ჯამში როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ინსპექტორისა და მისი აპარატის საქმიანობას. სხდომის ბოლოს პარლამენტმა შეიმუშავა დადგენილება, რომლითაც დადებითად შეფასდა ინსპექტორის ანგარიში და რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა.