პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა

2017-04-03 16:29:56

 

გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მომართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა. თამარ ქალდანმა ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე, რაც გასულ წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გამოიკვეთა.

ინსპექტორის თქმით, 2016 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად შესწავლილ იქნა მონაცემთა დამუშავება როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, მათგან 86 -ჯერ საჯარო დაწესებულებებში, ხოლო 245-ჯერ კერძო ორგანიზაციებში. საჯარო დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი შემოწმება ჩატარდა მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო კერძო ორგანიზაციებიდან ე.წ. ონლაინსესხების გამცემ და სესხის ამომღებ კომპანიებში.

3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და ჯამურად შეადგინა 3840. პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი, გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი, 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, 35 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება, მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია.

ანგარიშში განხილული თემებიდან დეპუტატები და დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის საკითხებითა და ონლაინ სივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევებით. ასევე დაისვა შეკითხვები ონლაინსესხების გამცემი კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით. თამარ ქალდანმა ამ კუთხით ხაზი რეგულირების მნიშვნელობას გაუსვა.

„მოქალაქეს შესაძლოა ბანკის მიმართაც ჰქონდეს დავალიანება, მაგრამ მას არ აქვს მოლოდინი, რომ დაურეკავენ მის ოჯახის წევრს, დამსაქმებელს, მეზობელს და მას გაუმჟღავნებენ ინფორმაციას. იმიტომ, რომ ბანკის საქმიანობის სფერო არის რეგულირებული კანონმდებლობით, ჰყავს ზედამხედველი და აქვს საშუალება, სამართლებრივი გზა, დაიბრუნოს მის მიერ გაცემული თანხა. სამწუხაროდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკებისგან განსხვავებით ონლაინსესხის გამცემი კომპანიები რეგულირების ქვეშ არ არიან. შესაბამისად, უფრო მასშტაბური რეგულირების ფონზე, რა თქმა უნდა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხიც უნდა დარეგულირდეს, თუმცა მხოლოდ ამ საკითხის დარეგულირება მთლიან სურათს ვერ შეცვლის“ - განცხადა ინსპექტორმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დოკუმენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ეს ინსპექტორის რიგით მეოთხე ანგარიშია. საკანონმდებლო ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენას პარლამენტის სხდომაზე გააგრძელებს.