ინსპექტორის 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დადებითად შეაფასა
2017-03-15 15:15:40გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მიმართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა. თამარ ქალდანმა ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე, რაც გასულ წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გამოიკვეთა.
ინსპექტორის თქმით, 2016 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად შესწავლილ იქნა მონაცემთა დამუშავება როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, მათგან 86 -ჯერ საჯარო დაწესებულებებში, ხოლო 245-ჯერ კერძო ორგანიზაციებში. საჯარო დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი შემოწმება ჩატარდა მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო კერძო ორგანიზაციებიდან ე.წ. ონლაინ სესხების გამცემ და სესხის ამომღებ კომპანიებში.
3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და ჯამურად შეადგინა 3840 კონსულტაცია. პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი, გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი, 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, 35 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება; მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია.
„ჩვენ საჯარო განცხადებების საშუალებით არაერთხელ გავუსვით ხაზი გამოძიებისა და ამგვარი დანაშაულის პრევენციის ეფექტიანი და სწრაფი მექანიზმების აუცილებლობას, ამ მიზნით უცხოელი ექსპერტების ჩართვის საჭიროებას, გამოძიების შედეგების მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესებს და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გავრცელების ტენდენციის უარყოფით გავლენას არა მხოლოდ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, არამედ საზოგადოების აღქმასა და დამოკიდებულებაზე.“ განაცხადა თამარ ქალდანმა
დეპუტატები დაინტერესდნენ როგორც ანგარიშში განხილული თემებით, ასევე ინსპექტორის პოზიციით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის თემაზე. თამარ ქალდანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ეფექტური კონტროლის მნიშვნელობას.
კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ანგარიშს დადებითი შეფასება მისცეს. საკანონმდებლო ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენას იურიდიულ კომიტეტზე, შემდეგ კი პარლამენტის სხდომაზე გააგრძელებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დოკუმენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ეს ინსპექტორის რიგით მეოთხე ანგარიშია.