რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
2017-02-09 15:05:002017 წლის 9 თებერვალს სამედიცინო დახმარების ცენტრის 80-მდე თანამშრომელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლებაში სასწრაფოს ცენტრალური აპარატის პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულების, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკის, ეკონომიკური, შიდა კონტროლის, სამედიცინო მომსახურების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მონაცემების დამუშავების წესები, პრინციპები და საფუძვლები, ინსპექტორის როლი და მანდატი გააცნო. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს პაციენტის უფლებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებაზე.
ტრენინგის მონაწილეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: ვიდეოთვალთვალი შრომითი ურთიერთობების დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროვება ოჯახის წევრებზე, სადაზღვეო კომპანიებისათვის, ჟურნალისტებისა და სხვა უწყებებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა და სხვა.
“სამედიცინო სფერო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ ინახება ძალიან დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზები. ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ჯანდაცვის, ისე სადაზღვეო სექტორებში არსებული მონაცემი და ამ სფეროს მოწესრიგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.“ აღნიშნა ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ.