პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში სწავლა დასრულდა

2017-02-04 15:02:53

 

პერსონალური მონაცემების დაცვის სპეციფიკა, ინსპექტორის მანდატი, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა - 1 კვირის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტების 28 სტუდენტმა მიიღო. ზამთრის სკოლა 28 იანვარს გაიხსნა და მუშაობა 3 თებერვალს დაასრულა.

1 კვირის განმავლობაში სტუდენტებმა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს: ახალი ტექნოლოგიები და მონაცემთა დაცვა, სოციალური ქსელები და დიდი მონაცემთა ბაზები, მონაცემთა დაცვის სფეროს თანამედროვე ტენდენციები და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეფორმები, საქართველოს სასამართლოს პრაქტიკა, მონაცემთა უსაფრთხოება, კიბერ დანაშაულები და სხვა. ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც მოწვეულმა სპეციალისტებმა: ვოლტრატ კოჩიმ, მარიო ოსვალდმა გიორგი ტყავაძემ, და გიორგი პირველმა, ასევე ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა, ნინო სარიშვილმა, ნატო გუგავამ და ნატალია მიქელაძემ ისაუბრეს.

სასწავლო კურსის პარალელურად სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს ყვარლის ღვინის მარანი, დააგემოვნეს ადგილობრივი წარმოების ღვინო, საკუთარი ხელით გამოაცხვეს პური და ამოავლეს ჩურჩხელა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.

იხილეთ ფოტოალბომი:N1

ფოტოალბომი N2