მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებში ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის ტრენინგი გაიმართა

2017-02-03 15:01:19

 

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის გზები და ინსტრუმენტები კონსულტაციებისა და ინსპექტირების პროცესში - 2017 წლის 2-3 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისათვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტმა მარიო ოსვალდმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა გერმანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის სტრუქტურა, საქსონიის მონაცემთა დაცვის კომისრის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, გამოწვევები და მონაცემთა დაცვის პრინციპები. მარიო ოსვალდმა ასევე ისაუბრა მონაცემთა დაცვის სფეროში გერმანიის გამოცდილებაზე, ამჟამად არსებულ მდგომარეობასა და თანამედროვე გამოწვევებზე ინფორმაციული უსაფრთხოების თავლსაზრისით, ექსპერტმა ასევე დეტალურად განიხილა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული ზოგადი რეგულაციის გამოწვევები და მონაცემთა დაცვის სტანდარტული მოდელის თავისებურებები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებში ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებზე, ძირითად მიზნებსა და მიდგომებზე, ასევე განიხილეს ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოებას.

ტრენინგი ჩატარდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით პროექტის „ENIGMMA-საქართველოს მხარდაჭერა მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში.