28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

2017-01-28 14:59:45

მსოფლიო და საქართველო 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაიხსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა.

ზამთრის სკოლის ფარგლებში 1 კვირის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და თანამედროვე მექანიზმების შესახებ. ისინი გაეცნობიან ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. ისაუბრებენ, თუ რა სახის ბალანსი უნდა იყოს დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, და რა გზებითაა შესაძლებელი პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დანაშაულის პრევენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. სტუდენტები შეხვდებიან დარგის მოწინავე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს.

ზამთრის სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. „იმედი მაქვს, რომ ამ სკოლის გავლის შემდეგ თქვენ გახდებით ელჩები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში!“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.

ერთკვირიანი სასწავლო კურსის ორგანიზატორია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თამანშრომლობით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2007 წლიდან აღინიშნება. საქართველოში ამ დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს.