საქართველო ეცნობა ევროპულ გამოცდილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში
2017-01-20 14:58:332017 წლის 16-20 იანვარს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით იტალიაში, ქ.რომში. ვიზიტი განხორციელდა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიწვევით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იტალიის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა პერსონალურ მონაცემთა ინსპექტირების პრაქტიკისა და უფლებამოსილების თვალსაზრისით.
შეხვედრების მსვლელობისას, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა - თამარ ქალდანმა გააცნო იტალიელ კოლეგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრაქტიკა საქართველოში. ხოლო იტალიის საზედამხედველო ორგანოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს.
ევროკავშირისა და საერთაშორისო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა - ლუიჯი მონტუორიმ, და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა - ალესანდრა პიერუჩიმ დეტალურად გააცნეს სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა, უფლებამოსილებები, საკანონმდებლო ჩარჩო და ინსტიტუციური სტრუქტურა.
ისნპექტირების დეპარტამენტის უფროსმა - კლაუდიო ფილიპიმ განიხილა იტალიის საზედამხედველო ორგანოს ინსპექტირების მეთოდოლოგია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორზე ინსპექტირების განხორციელების პრაქტიკა და მექანიზმები.
სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს იტალიის ფინანსური პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი, სადაც ადგილზე გაეცნენ ინსპექტირების პრაქტიკულ ასპექტებს, დანაყოფის საქმიანობის კოორდინაციასა და კომპეტენციის განაწილებას პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.