პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრო
2017-01-10 14:57:44ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ დაწყებული რეფორმის წარმატებული ნაწილი და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ სტანდარტის დაწევა“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.
თამარ ქალდანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობისას სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს ის საკითხებიც, რომელიც არსებულმა 2 წლიანმა პრაქტიკამ გამოავლინა: „სასამართლომ გარკვეულ ასპექტებზე იმსჯელა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პასუხები არ არის.
მოგეხსენებათ, ინსპექტორს, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, განესაზღვრა საპოლიციო სექტორზე ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჩვენ ამ ზედამხედველობას ვახორციელებთ. ამავე დროს იმ მიმართულებებით, რაზეც ინსპექტორის მანდატი ვერ გავრცელდება, (ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვა და კონტრდაზრვერვითი საქმიანობა), საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე უნდა ვიმსჯელოთ“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა
სამუშაო ჯგუფის მიზანი იმ გადაწყვეტილების აღსრულებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის წესები. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის ვადა 2017 წლის 31 მარტს იწურება.