თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

2016-12-14 14:50:09

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერება“ - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა გახსნეს.

კონფერენციაზე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და არსებული სიახლეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების როლი, მათ შორის სამართლებრივი ჩარჩო, მათი ოპერაციული შესაძლებლობები და დამოუკიდებლობის გარანტიები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემები აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში.

კონფერენციაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რეგიონული ქსელის ჩამოყალიბების საკითხზე, მონაცემთა დაცვის რეგიონული ტრენინგის მოდულის თემაზე და განიხილეს აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ევროპის საბჭოს დახმარების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

ღონისძიება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინასა და ბელარუსში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში იმართება.