პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მედიისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნაზე მუშაობას იწყებს

2016-12-13 14:49:08

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად მსჯელობს სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა.

ბალანსის დაცვა გულისხმობს იმას, რომ მედიამ შეძლოს სწორი შუალედის პოვნა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს შორის, როგორიცაა, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების ინფორმირება და, მეორე მხრივ, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ამ ბალანსის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები და სისწრაფე ინდივიდების პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით სერიოზული გამოწვევაა.

12-13 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები და ევროსაბჭოს ექსპერტები თემით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. ტელე-რადიო მაუწყებლების, ონლაინ და ბეჭდური მედიის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა საქართველოში არსებული პრაქტიკასა და გამოწვევებზე, ასევე მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმებსა და მათი გამოყენების პრინციპებზე იმსჯელეს.

საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არ არეგულირებს მედიის საქმიანობას და ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შემთხვევაში ამ დოკუმენტსაც ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. ანალოგიურ დოკუმენტზე ევროსაბჭოს ეგიდით უკვე მუშაობს ევროსაბჭოს საკონსულტაციო კომიტეტი.