ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის
2016-08-03 14:20:45
2016 წლის 2-3 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის მიზანს სამინისტროებში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლება წარმოადგენს.
ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპები და მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, ინსპექტორის მანდატი, მოქალაქეთა უფლებები, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამედროვე გამოწვევები.
ტრენინგის მეორე დღე დაეთმო პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებსაც ტრენინგის მონაწილეები ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აწყდებიან. დეტალურად იქნა განხილული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების წესი, გაანალიზდა არსებული ხარვეზები და მისი გადაჭრის გზებიც დაისახა.
„მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის მნიშვნელოვანია შიდა რეგულაციებისა და პროცედურების დანერგვა. ინსპექტორის აპარატი მიესალმება სამინისტროს ინიციატივებს და მზად არის შემდგომი კონსულტაციები გაუწიოს მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად . “ - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.
ტრენინგი განხორციელდა ICMPD-ს პროექტ ENIGMA-ს მხარდაჭერით.