სტრასბურგში 108-ე კონვენციაში შესატან ცვლილების ტექსტზე მსჯელობენ

2016-06-15 14:06:35

 

2016 წლის 15-16 ივნისს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 108-ე კონვენციის მოდერნიზაციის სამუშაო ჯგუფის (CAHDATA) მე-4 შეხვედრა იმართება, რომლის მიზანია კონვენციის ცვლილებათა ტექსტის განხილვა.

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე წარმოდგენილები არიან კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

შეხვედრის დღის წესრიგშია მოდერნიზებული კონვენციის იმ ნორმების განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.

შეხვედრის ფარგლებში 17 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „108-ე კონვენცია: ევროპული რეალობიდან გლობალურ ხელშეკრულებამდე“, რომელზეც განიხილება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები და უსაფრთხოების აქტუალური საკითხები.

„ჯგუფის მუშაობაში ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების შესახებ და ვმონაწილეობდეთ მათი გადაჭრის გზების და ევროპული სტანდარტების შემუშავების პროცესში. ეს სხდომა ინსპექტორის აპარატისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან” - აღნიშნა ინსპექტორმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 108-ე კონვენციის მოდერნიზაციისა და მისი განმარტებითი ბარათის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი 2013 წელს შეიქმნა, მის მუშაობაში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შექმნის დღიდან მონაწილეობს.