სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია
2016-05-30 13:54:202016 წლის 29 მაისს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია და მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და გიორგი კლდიაშვილი − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI დირექტორი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსი 2016 წლის 18 მაისს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ 50 აპლიკანტიდან 5 შეარჩია. კონკურსის მეორე ეტაპის, გასაუბრების შემდეგ კი, კომისიამ პრემიერს ორი კანდიდატი წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ირჩევა. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს.