თბილისის სამ უნივერსიტეტში პერსონალური მონაცემების დაცვის საათი აღინიშნა
2016-05-20 13:52:11პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს და 20 მაისს, „პერსონალური მონაცემების დაცვის საათი“ რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა.
12:00-13:00 საათამდე ილიაუნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის სტუდენტებმა „პერსონალური მონაცემების დაცვის საათში“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინსპექტორის აპარატის ინოვაციური მობილური აპლიკაციის inspect2-ის პრეზენტაცია, საჯარო ლექცია, დისკუსია, ვიქტორინა, საინფორმაციო პოსტერების გამოფენა და ფოტოგადაღება. ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვროდ ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.
„ვუერთდებით ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს და დღევანდელი ღონისძიებებით, გვსურს წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში,“ - განაცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
ილიაუნის ლიგამუსის კაფეში, პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატის თანამშრომლებმა თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრეს, შეხვედრის დასასრულს ბლიც ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზები გადაეცათ.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინოვაციური და ხელმისაწვდომი აპლიკაცია Inspect 2-ს პრეზენტაცია გაიმართა. Inspect 2 ინოვაციური მობილური აპლიკაციაა რომლის საშუალებითაც ფიზიკური პირები შეძლებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინსპექტორის აპარატს მარტივად მიაწოდონ ინფორმაცია და ასევე მიიღონ ინფორმაცია გატარებულ ღონისძიებების შესახებ.
სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტები დაესწრნენ დისკუსიას, ინსპექტორის აპარატის მიერ გამოცემული უახლესი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება. მათ ასევე მონაცემთა დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა დაათვალიერეს.
პერსონალური მონაცემების დაცვის საათის ფარგლებში რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, გორის, თელავის და ბათუმის მომსახურების სააგენტოებში მოქალაქეებს საინფორმაციო მასალა გადაეცათ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის საათი" განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).