რეგიონალური ჟურნალისტებისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სემინარი გაიმართა
2016-05-16 13:50:122016 წლის 13-14 მაისს, კაჭრეთში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული ჟურნალისტებისათვის ორდღანი სემინარი გაიმართა.
ტრენინგის თემას წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და თანამედროვე გამოწვევები. ტრენინგი მიზანად ისახავდა ჟურნალისტებისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის როლისა და ფუნქიის გაცნობას, ასევე მედიის ჩართულობის გაზრდას მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების პროცესში.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნატალია მიქელაძემ გახსნეს. პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა, ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები, მოქალაქეთა უფლებები, მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული და უკვე გადაჭრილი პრობლემები, ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, სოციალური ქსელები, ვიდეოთვალთვალი, მონაცემთა დიდი ბაზები ( big data), პირდაპირი მარკეტინგი, მონაცემების დაცვა ინტერნეტ სივრცეში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ტრენინგის დროს განიხილეს.
ტრენინგს დაესწრნენ ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ოთარ ჩახუნაშვილი, ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მინდიაშვილი, სამართლებრივ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ნატო გუგავა და ინფორმაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი გიორგანაშვილი. მათ ჟურნალისტებს ინსპექტორის აპარატის მიერ განხორციელებული ინსპექტირებები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
ტრენინგის მეორე დღეს ჟურნალისტებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მასალები მოამზადეს. მონაწილე ჟურნალისტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ინსპექტორის აპარატი მუდმივად ატარებს ცნობიერების ამაღლებისთვის შეხვედრებსა და სემინარებს, ვფიქრობ, ეს ტრენინგი რეგიონალური ჟურნალისტებისათვის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო“ - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).