პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მონაწილეობა მიიღო CEEDPA-ს მე-18 სხდომაში

2016-05-12 13:49:05

 

2016 წლის 11-12 მაისს, ქ.სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-18 სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

 

სხდომაზე ნინო ცაგარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მოქმედი რეგულაციები და ინსპექტორის აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ვიდეოთვალთვალის საკანონმდებლო რეგულირებაზე, პრაქტიკაში ინსპექტორის აპარატის მიერ გამოვლენილ დარღვევებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, მონაცემთა უკანონო დამუშავების პრევენციისკენ მიმართულ საქმიანობაზე და ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებებზე, რომლებიც ასევე შეეხება ვიდეო და აუდიომონიტორინგს.

მონაწილეებმა სხდომაზე განიხილეს შრომით ურთიერთობებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხები, ჯანდაცვის სექტორში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენების და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის საკითხები.

„სხვადასხვა ქვეყნების მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაცნობა და მათი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე გვინდა გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია“ - განაცხადა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) შემდეგი, მე-19 სხდომა, 2017 წელს თბილისში გაიმართება.