პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბერლინის ჯგუფის 59-ე შეხვედრას ესწრება
2016-04-25 13:30:072016 წლის 25 აპრილს, ქალაქ ოსლოში ტელეკომუნიკაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის „ბერლინის ჯგუფის“ 59-ე შეხვედრა გაიხსნა. წელს პირველად შეხვედრაში მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო ცაგარეიშვილი.
ბერლინის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება, წლევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ინტერნეტკომუნიკაციის სფეროში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები, მათ შორის Google-ის ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკა, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების სპეციფიკა და სოციალირ ქსელებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება.
შეხვედრაზე ასევე წარდგენილ იქნება ბერლინის ჯგუფის წევრი ქვეყნების ანგარიშები, სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ სიახლეებზე, ანგარიში წარდგენილია საქართველოდანაც.
„ბერლინის ჯგუფში მონაწილეობა ჩვენთვის ახალი შესაძლებლობაა, აღნიშნულ ჯგუფში აქტიურად განიხილება ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები, რაც დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ და ქვეყანაში დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტები“ - აღნიშნა ინსპექტორმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ბერლინის ჯგუფის წევრი 2016 წლის მარტში გახდა, ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტელეკომუნიკაციის, მათ შორის ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
„ბერლინის ჯგუფის“ 59-ე შეხვედრა 26 აპრილს დაიხურება.