იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
2016-04-19 13:26:27

ტრენინგს ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე და სააპალაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი უძღვებოდნენ.
ორდღიან ტრენინგზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები და მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, საჯარო ინფორმაციის გაცემის და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები, თვალსაჩინოებისათვის მოიყვანეს ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები. შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ვიდეოთვალთვალის, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.
„პერსონალური მონაცემების დაცვა ყველა ორგანიზაციის ვალდებულებაა, ჩვენი ტრენინგების მიზანი იყო, სასამართლოს მოხელეებისთვის განგვემარტა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნები და პასუხები გაგვეცა იმ შეკითხვებისთვის, რომლებიც მათ პრაქტიკიდან გამომდინარე აქვთ“ - აღნიშნა ნატა მიქელაძემ.
ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.