საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა
2016-04-14 13:24:132016 წლის 14 აპრილს, სასტუმრო თბილისი რუმსში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა, რომელსაც საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ვინფრიდ ვეილიმ და კლერ გეირელიმ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი დასკვნები წარმოადგინეს.
შეხვედრა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს და მისასალმებელ სიტყვაში, ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.
ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში რამდენიმე პრინციპულ ცვლილებას. შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, რეგულაციის მიღმა დარჩენილი აუდიოკონტროლი ექცევა სპეციალურ საკანონმდებლო ჩარჩოში, მკაცრდება სანქციები ისეთი დარღვევების მიმართ, რომელიც შეეხება დიდი ოდენობით მონაცემთა უკანონო დამუშავებას. კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლების თეთრი და შავი სიის შექმნას, სადაც აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესრულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან ან სისტემატიურად და უხეშად არღვევენ მას.
ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს კონტროლის ელექტრონული სისტემისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ-ეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი.
მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და ინსპექტორის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეთა განცხადების განხილვისა და ინსპექტირების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებებს, დაიხვეწება საქმის წარმოების ვადები და შემოწმების განხორციელების პროცედურები.
შეხვედრაზე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა შეკითხვები კანონის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების შესახებ, კანონის მოქმედების სფეროს გაფართოებაზე და სხვა შემოთავაზებულ ცვლილებებზე, შეკითხვებზე განმარტებები ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გააკეთეს.
„ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიზანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან და რეგულაციებთან სრულ ჰარმონიზაციაში მოყვანა, ასევე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. საკმაოდ კომპლექსური იყო ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ გავწიეთ, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ექსპერტების დასკვნასთან ერთად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“ - აღნიშნა ინსპექტორმა.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, „დღევანდელი ღონისძიება ნაწილია ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის გაძლიერებას. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ინსპექტორის აპარატმა მოამზადა და ევროპის საბჭომ, თავისი ექსპერტების დახმარებით, დასკვნა მოამზადა“ - აღნიშნა კრისტიან ურსემ.
ღონისძიება განხორციელდა „ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერების“ მხარდაჭერით.