საქართველოს პარლამენტში ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის საკომიტეტო განხილვა გაიმართა
2016-03-25 13:14:562016 წლის 24 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში ასახულია 2015 წელს მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებების, გაწეული კონსულტაციების შედეგები და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობა.
ინსპექტორმა თამარ ქალდანმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გასული წლის საქმიანობის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობა და ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა გაზრდილია, 2015 წელს შემოწმებების შედეგად გამოვლინდა 64 სამართალდარღვევის ფაქტი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის ან გაფრთხილების სახით დაეკისრა 41 ორგანიზაციას. ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად აღმოიფხვრა არაერთი სამართლებრივი თუ ტექნიკური ხარვეზი.
თამარ ქალდანმა ისაუბრა სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადე-ბა�ჩაწერის კონტროლის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სისტემის შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა 2015 წელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ინსპექტორმა თამარ ქალდანმა უპასუხა პარლამენტარების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და განმარტა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი და ფუნქციები, ასევე აღნიშნა ის გამოწვევები, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით კვლავ რჩება.
ინსპექტორმა ბოლო დროს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ანუ სახელმწიფომ არ დაუშვას დანაშაულის ჩადენა, ასევე თუ დანაშაული ჩადენილია, უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება".
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს.
ანგარიშის აგრეთვე განიხილება საპარლამენტო სესიაზე.