პარიზში პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ სტანდარტებზე მსჯელობენ
2016-03-23 13:12:17
2016 წლის 22-24 მარტს ქ.პარიზში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს 38-ე სხდომა იმართება, რომელშიც ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი მონაწილეობს.
სხდომაზე განიხილება „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზებული ვერსია და მისი განმარტებითი ბარათი, დიდი ოდენობით მონაცემთა (Big Data) დამუშავების სახელმძღვანელოს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის რეკომენდაციებისა და სამართალდამცავ სექტორში პერსონალურ მონაცემთა გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიები. ბიუროს წევრები ასევე იმსჯელებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ სფეროში არსებულ ძირითად მიღწევებზე.
ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტსა (T-PD) და მის ბიუროში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოადგენს. ინსპექტორის აპარატი მონაწილეობდა #108-ე კონვენციის მოდერნიზაციაზე მომუშავე ჯგუფის (CAHDATA) მუშაობაში.