პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

2016-03-14 13:04:14

2016 წლის 14 მარტს, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ნინო ხატისკაცმა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე განხორციელდება სასწავლო პროგრამები, სხვადასხვა აქტივობები, ჩატარდება ტრენინგები.

 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა აღნიშნა, რომ მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მონაცემთა დამუშავების პროცესები მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ბავშვებისა და არასრულწლოვნების მონაცემებს.

მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მზადყოფნაც გამოთქვეს.