პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ცესკოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
2016-02-15 12:53:04

ტრენინგს ცესკოს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი და მისი ფუნქცია, თუ როგორ ახორციელებს ინსპექტორი მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობას და რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს. ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერის განმარტებით, ტრენინგის ჩატარების მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დამუშავების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ შუკაკიძემ აღნიშნა, ტრენინგის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციაში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დამკვიდრება. „ცესკოში დიდი რაოდენობით პერსონალური ინფორმაცია მუშავდება, მათ შორის არის ამომრჩეველთა სიებიც. თითქმის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ყოველდღიურად აქვს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ამიტომ ჩვენი სურვილია, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“- განმარტა თამარ შუკაკიძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განაგრძობს სხვადსხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ჩატარებას, რათა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის რეგულაციები სათანადოდ იქნას განმარტებული და ორგანიზაციების პრაქტიკაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისთვის მომდევნო ტრენინგები 19 და 29 თებერვალს გაიმართება.