საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
2016-01-29 12:49:4728 იანვარს თბილისის საკრებულოს შენობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და მისმა მოადგილემ ნიკოლოზ ბრეგვაძემ უმასპინძლეს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებასთან ერთად, ადამიანის განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობას წარმოადგენს. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის სწორი პოლიტიკა ხელს უწყობს მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მონაცემთა დაცვის სისტემის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, თუმცა, ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე, მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად ხანმოკლე დროში მიზნის მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ინსპექტორის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელმაც პოზიტიური როლი ითამაშა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში. პრემიერის განცხადებით, თითეული მოქალაქის პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით გატარებული რეფორმები კვლავ გაგრძელდება. „მისასალმებელია, რომ იზრდება კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ნდობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართ. ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვა არის თავისუფლების, დემოკრატიის, ნორმალური და სტაბილური სახელმწიფოს წინაპირობა. "ვისგან და რისგანაა დასაცავი ადამიანის პირადი ცხოვრება და პერსონალური მონაცემები – ჩემგან, სახელმწიფო მოხელისგან და თქვენგან – ჟურნალისტებისგან. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ იმ დღეს, რომ ჩვენ, სახელმწიფო, თქვენ - ჟურნალისტები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდება კანონიერი საქმიანობის შედეგად. საჯარო დაწესებულებებში დაცულია უამრავი ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის, თქვენგანის ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, მოგზაურობაზე, ოჯახის წევრებზე, ქონებაზე და ყველაფერზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონაცემები არ იყოს ხელმისაწვდომი არაუფლებამოსილი პირებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა შტეფან შტორკმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ამ დღის აღნიშვნისთვის და თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებზე, ინსპექტორის აპარატის როლსა და ფუნქციაზე, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე ინსპექტორის აპარატის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით გამართული ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ. კონკურსში მონაწილეობა 60-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო, საიდანაც ცხრა გამარჯვებული და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი გამოვლინდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის პარტნიორები, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ინოვაციების და რეფორმების ცენტრი და საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი იყვნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანი მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში ამ დღეს უკვე მესამე წელია აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოგალერეა.
მედია ღონისძიების შესახებ:
რადიო/ტელევიზია
- რადიო იმედი - პერსონალური მონაცემების დაცვა
- იმედის შუადღე - ბავშვები და პერსონალური მონაცემების დაცვა
- 1 არხი - თამარ ჩიქოვანის გადაცემა „მთავარი“
- რადიო თავისუფლება - ინტერვიუ თამარ ქალდანთან
- საქმიანი დილა - პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღე
- იმედი - ქრონიკა 20:00 საათზე
- 1 არხი - მოამბე 16:00 საათზე
- 1 არხი - მოამბე 20:00 საათზე
ონლაინმედია
- Ipn.ge - 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
- Ipn.ge - თბილისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
- Ipn.ge - ინტერვიუ - თამარ ქალდანი - მოქალაქეებმა, რომლებმაც ინსპექტორის აპარატს მიმართეს, არა მარტო საკუთარი უფლებები, არამედ ბევრი ადამიანის ინტერესი დაიცვეს
- Ipn.ge გიორგი კვირიკაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეფორმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში
- Ipn.ge - დავით უსუფაშვილი - ადამიანის პირადი ცხოვრება დასაცავია ჩემგან და ჟურნალისტებისგან
- Agenda.ge - PM: Personal data protection guarantees privacy in Georgia