28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
2016-01-28 12:49:05ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს ხელმოსაწერად გაიხსნა „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს N108 კონვენცია, რომელიც 30 წელზე მეტია, მისი მხარეებისთვის სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს.
ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების მასშტაბური, მოცულობითი ხასიათისა და თანმდევი რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებისა და მექანიზმების შესახებ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში უკვე მესამე წელია აღნიშნავს.
ბოლო წლებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები განხორციელდა: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, შეიქმნა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახით, კანონთან შესაბამისობაში მოვიდა არაერთი საჯარო და კერძო ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი, გაიზარდა მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე, რაზეც მეტყველებს გაზრდილი მომართვიანობისა და კონსულტაციების მაჩვენებლები. ხაზგასასმელია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მონაცემების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროკომისიის დადებითი შეფასება.
დაწყებული რეფორმების გაგრძელებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მყარი გარანტიების უზრუნველსაყოფად თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საჯარო სტრუქტურების, ისე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და თითიეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა. ეს ხელს შეუწყობს მონაცემთა დაკარგვით ან უკანონო გამჟღავნებით გამოწვეული საფრთხეების შემცირებას, აგრეთვე, გაზრდის მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო ორგანიზაციების მიმართ.