ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
2015-12-10 12:18:34

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, რომლითაც საქართველომ იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს თითოეული ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და დაიცვას მათი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ვალდებულება ასევე ასახულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტსა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. ამ სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზება კვლავ გამოწვევად რჩება.
პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების უზრუნველსაყოფად თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შექმნის დღიდან რეგულარულად თანამშრომლობს ზემოაღნიშნულ ორგანოებსა თუ პირებთან, რათა საქართველოში, ერთობლივი ძალებით, დაცულ იქნას მოქალაქეთა უფლებები, დაინერგოს პირადი ცხოვრების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება.