სასამართლოს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2015-12-06 12:13:10

 

2015 წლის 5 - 6 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტ „ ENIGMA”-ს მხარდაჭერით კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ სასამართლო სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები.

სამუშაო შეხვედრის პირველ ნაწილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვას დაეთმო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ბრეგვაძემ ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, სპეციალურ რეგულაციებზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობაზე. აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ბახსოლიანმა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მინდიაშვილმა თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს პერსონალურ მონაცემტა დაცვის ინსპექტორის აპარატის ფუნქციებსა და მანდატზე, მიმოიხილეს ინსპეექტორის გადაწყვეტილებები და მათი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევები, ისაუბრეს მოქალაქეთა მომართვიანობასა და ინსპექტირების წესის შესახებ.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე სრულად დაეთმო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის ბალანსის დაცვის საკითხს, დისკუსიის ფასილიტატორები იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. დისკუსიაზე ისაუბრეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებისა და გასაჯაროვების საკითხებზე.

„სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო, სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ კანონის არსებული რეგულაციები და გავაცანით ინსპექტორის აპარატის ფუნქცია და მანდატი, თემისადმი და ჩვენი საქმიანობისადმი ინტერესი არის დიდი, მოსამართლეებს აინტერესებდათ მონაცემთა დამუშავების საკითხები, რომლებსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში ყოველდღიურად ხვდებიან სარჩელების სახით, აუდიტორიის მხრიდან ჩანდა დიდი სურვილი და ჩართულობა, მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა შეხვედრის შეფასების დროს აღნიშნა: „ვფიქრობ ასეთი დისკუსიები აუცილებლად უნდა გაიმართოს, სადაც ვისაუბრებთ, თუ რა ფორმით უნდა გაიცეს ინფორმაცია, რა მონაცემები უნდა დავშტრიხოთ, რომ შემდგომში არ იყოს შენიშვნები და ბევრი გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საჯარო ინფორმაციის გაცემეზე“.