შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

2015-11-26 12:07:02

 

2015 წლის 26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე მორიგი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, ისაუბრეს თუ რას გულისხმობს მონაცემების დამუშავება და როგორ უნდა დამუშავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რა რეგულაციები არსებობს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელეს საჯარო პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა-გაცემის საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ინსპექტორის იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ეს იყო რიგით მეოთხე ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელიც ICMPD-ის პროექტ ENIGMMA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. წლის ბოლომდე სამინისტროს წარმომადგენელთათვის კიდევ ერთი ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი.