პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა კიდევ ერთი სასამართლო დავა მოიგო

2015-10-21 11:54:47

 

დღეს, 2015 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უცვლელად დატოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება შპს „სტრადა მოტორსის“ (Jeep Center) სამართალდამრღვევად ცნობის და დაჯარიმების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის განხილვისას დაადგინა, რომ შპს „სტრადა მოტორსმა“ მოქალაქეებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის დროს დაარღვია „პერსონლაურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან კომპანიის მიერ გაგზავნილი სარეკლამო შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას ან მკაფიო მინიშნებას შეტყობინებებზე უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ.

მოქალაქის განცხადების განხილვისას შპს „სტრადა მოტორსი“ მიუთითებდა, რომ სარეკლამო შეტყობინებები გაიგზავნა შპს „მაგთიკომის“ საშუალებით და შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონია ინფორმაცია შეტყობინების მიმღები ადრესატების შესახებ და არც რაიმე წვდომა მონაცემთა ბაზასთან, ამიტომ კომპანია არ წარმოადგენდა „მონაცემთა დამმუშავებელ“ ორგანიზაციას. ასევე, კომპანია საკმარისად მიიჩნევდა შეტყობინებაში ცხელი ხაზის ნომრის მითითებას, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ განეცხადებინათ უარი არასასურველი შეტყობინების მიღებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კომპნია კანონის მე-47 მუხლის თანახმად სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.

ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია და ინსპექტორის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ეს ინტექტორის აპარატის მიერ მოგებული მე-6 სასამართლო დავაა, 8 სასამართლო პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.