თბილისის საქალაქო სასამართლომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

2015-10-16 11:49:42

2015 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ მოქალაქის მონაცემებთან უკანონოდ წვდომის საკითხი. დადგინდა, რომ განმცხადებლის მონაცემებზე წვდომას და მესამე პირისთვის გამჟღავნებას ადგილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. საქმის განხილვის პროცესში სამინისტრომ დაადასტურა, რომ განმცხადებლის მონაცემების დამუშავება მოხდა საფუძვლის გარეშე, არასამსახურებრივი მიზნით. მონაცემების საფუძვლის გარეშე დამუშავებისთვის სამინისტრო დაჯარიმდა 2000 ლარით.

ინსპექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, რის გამოც დამატებით აღარ უნდა მომხდარიყო სამინისტროსათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. სასამართლომ შსს პოზიცია არ გაიზიარა და 2015 წლის 15 ოქტომბერს უცვლელად დატოვა ინსპექტორის გადაწყვეტილება სამინისტროსათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.