პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ტრენინგი გაიმართა

2015-10-06 11:44:49

 

2015 წლის 6 ოქტომბერს ქ.გორში თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო.

ტრენინგზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მონაცემთა შეგროვების და დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და მოქალაქეთა უფლებები.

ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პროექტების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ შეხება მონაცემთა დამუშავებასთან, ქონდეთ სწორი ინფორმაცია როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკაში მიმდინარე საკითხების შესახებ.

პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ეს უკვე მეორე ტრენინგია, პირველი ტრენინგი თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. მას სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.