ტრენინგები პერსონალური მონაცემების საკითხებით დაინტერესებულ პირებს

2015-10-01 11:43:51

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორის აპარატი შექმნის დღიდან სისტემატიურად ატარებს ტრენინგებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების სასწავლო ცენტრებთან, პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიებთან, საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარების და კარიერის მართვის ცენტრთან და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით 2 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარტის თანამშრომლებმა ტრენინგი 2 306 საჯარო მოხელესა და კერძო სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარეს.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა გაზრდილი რაოდენობისა და ინტერესის გათვალისწინებით, 2015 წლის ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ტრენიგზე ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა დანერგა და აპარატის იურისტები თვეში ერთხელ, რეგულარულად ჩაატარებენ ტრენინგებს მცირე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგებზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრული მონაცემების რეგულაციები, სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები და სხვა.

მსურველებს რეგისტრაცია http://app.pdp.ge/Training გვერდზე ელექტრონული ფორმით შეეძლებათ და მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებენ სასწავლო მასალებსა და დღის წესრიგს.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.