პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონი“ დააჯარიმა

2015-09-25 11:40:54

მოქალაქის განცხადების საფუძველზე 2015 წლის აგვისტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეისწავლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონის“ მიერ „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში მოქალაქის მონაცემების გადამოწმების კანონიერების საკითხი.

მოქალაქე, რომელმაც ინსპექტორს რეაგირებისთვის მიმართა, აღნიშნავდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონმა“ მისი თანხმობის გარეშე გადაამოწმა მონაცემები „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოქალაქის მონაცემების გადამოწმება განხორციელდა მარკეტინგის მიზნებისთვის, მოქალაქისთვის ახალი სესხის შეთავაზების მიზნით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „კრედიტონის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია სესხებს გასცემს საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე, თუმცა კონკრეტული მოქალაქის შემთხვევაში სწორედ გადამოწმების შემდეგ მოხდა მისთვის სესხის შეთავაზება.

ინსპექტორმა დაადგინა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტონი“ გასცდა მის უფლებამოსილებას და მოქალაქის მონაცემების გადამოწმების დროს დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, რადგან მონაცემების გადამოწმებისთვის მას არ ქონდა მოქალაქის თანხმობა. კანონის დაირღვა მაშინაც, როცა მოქალაქის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიეწოდა მონაცემებზე წვდომის შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით, რასაც ასევე ითვალისწინებს კანონი.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დაარღვია „კრედიტინფო საქართველომაც“, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მოქალაქეზე მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-43 მუხლის დარღვევისთვის - მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დამუშავებისთვის და გადაცემისთვის ორივე ორგანიზაცია 500-500 ლარით დაჯარიმდა.

კომპანიებმა ინსპექტორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

„მნიშვნელოვანია, მონაცემთა დამმუშავებლმა ორგანიზაციებმა გაიაზრონ, რომ მოქალაქეების მონაცემების შეგროვების, შენახვის თუ გადამოწმებისთვის მათ აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი კანონიერი საფუძველი“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.