საკანონმდებლო წინადადებების პროექტის განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2015-09-21 11:38:11

2015 წლის 21 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად პერსონალურ მონაცემთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პროექტი განიხილეს.

საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ცვლილებებს 10 კანონში, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილება, კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროს გაფართოება და მცირე გამონაკლისების გარდა, მისი სრულად გავრცელება ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე; ვიდეოთვალთვალის მსგავსად აუდიოჩაწერისა და აუდიო კონტროლის რეგულირება; ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების და მონაცემთა სხვა ქვეყნებში გადაცემის საფუძვლების დაკონკრეტება და სხვა.

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გაზრდა, როცა ხდება 100 ან მეტი მოქალაქის უფლების დარღვევა.

ინსპექტორის მიერ მომზადებული წინადადებები ეხება პირდაპირ მარკეტინგსაც. შემოთავაზებულია ერთიანი ვებპორტალის შექმნა, სადაც პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტალის მეშვეობით ერთიანად თქვან უარი მათთვის არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე.

"ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, რომლებზეც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ამდენად ჩვენ გვაქვს სურვილი, რომელსაც ითვალისწინებს ევროპული კანონმდებლობაც, რომ ყველაფერზე, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, გავრცელდეს კანონის მოქმედება. ამავე დროს, არსებობს კონკრეტული თემები, მაგალითად, როგორიცაა აუდიომეთვალყურეობა, რომელიც საერთოდ არ რეგულირდება, მაგრამ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში და წარმოადგენს პრობლემას, გსურს ასეთი ტიპის საკითხების რეგულირება მოიცვას კანონმა" - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფის მიზნით მათი განხილვა ასევე დაგეგმილია კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან.