პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა „სახალხო აფთიაქის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

2015-07-17 11:25:30

დღეს, 2015 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 20 მაისის გადაწყვეტილება შპს „სახალხო აფთიაქის“ დაჯარიმების, აფთიაქებში აუდიოჩაწერის შეწყვეტის და მოპოვებული ჩანაწერების წაშლის შესახებ.

„სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფთიაქებში აუდიოჩაწერა არღვევდა როგორც მომხმარებლების, ისე ფარმაცევტების უფლებებს და ეს იყო მათ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მონიტორინგს გადაწყვეტილების აღსრულებას“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

მოქალაქეთა მომართვის, ასევე თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინსპექტორის ინიციატივით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობდა „პე-ეს-პე“-ს, „სახალხო აფთიაქის“ და „ავერსი გეოფარმის“ სააფთიაქო ქსელებში აუდიო-ვიდეო კონტროლის კანონიერების საკითხის შესწავლა. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აუდიომონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს. მისი გადაწყვეტილებით სამივე კომპანია დაჯარიმდა, მათ დაევალათ აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება. ინსპექტორის გადაწყვეტილება აფთიაქებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, „სახალხო აფთიაქის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, „პე-ეს-პეს“ და „ავერსი გეოფარმის“ საჩივრების სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.