„მაგთიკომის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმი შეიცვალა

2015-07-16 11:24:02

2015 წლის 27 ივნისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა შპს „მაგთიკომის“ სტანდარტულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შესახებ, რომლის შესაბამისად, აბონენტი თანახმა იყო მიეღო „მაგთიკომის“ და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები. შეტყობინებებზე უარის თქმისთვის კი აბონენტს კონკრეტული გამგზავნის დასახელება მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა გაეგზავნა სპეციალურ ნომერზე.

ინსპექტორის აპარატმა 29 ივნისს დაიწყო საკითხის შეწავლა და შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა კომპანიისგან. ორი კვირის განმავლობაში შედგა რამდენიმე შეხვედრა „მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან. კომპანიამ გაითვალისწინა ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები და 13 ივლისიდან აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა ნომერზე *182# ერთი შეტყობინების გაგზავნით თქვან უარი „მაგთიკომის“ ყველა სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე.

როგორც კომპანია "მაგთის", ისე "ჯეოსელის" და „ბილაინის“ აბონენტებისთვის მსგავსი სერვისი ხელმისაწვდომია ნომერზე *297# .

აღნიშნული ნომრების გამოყენებით აბონენტს შეუძლია სრულად დაბლოკოს ყველა სარეკლამო შეტყობინება, ან შერჩევითად გამორთოს ის კატეგორიები, რომლის თაობაზეც ინფორმაციის მიღება არ სურს.

სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმებთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა აბონენტს შეუძლია მიმართოს როგორც უშუალოდ კომპანიას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მისამართზე თბილისი, ნ.ვაჩნაძის ქ.#7, ტელ: 242 1000