პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გენდერული ბალანსის დაცვისთვის ჯილდო მიიღო

2015-07-07 11:22:53

2015 წლის 6 ივლისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯილდო "გენდერული ბალანსისათვის აღმასრულებელ დონეზე" მიიღო. კონკურსში, რომელიც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად განახორციელა, კერძო და საჯარო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, შომბი შარფმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილეს ნიკა ბრეგვაძეს ჯილდო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გადასცა, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს პარლამენტის გედნერული თანასწორობის საბჭოს წევრი იყო. ჯილდოს გადაცემის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საჯარო სამსახურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონკურსის ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის აპარატი ახალშექმნილი ორგანიზაციაა, ბალანსი აღმასრულებელ დონეზე არის უზრუნველყოფილი და ამჟამად აღმასრულებელ დონეზე 3 ქალბატონი და 2 მამაკაცი მუშაობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინსპექტორის აპარატში გენდერული ბალანსი იყოს დაცული და ქალები და კაცები თანაბრად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში, არასოდეს მიგვინიჭებია უპირატესობა რომელიმე სქესისთვის, ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, არის პროფესიონალიზმი“ - აღნიშნა ინსპექტორის მოადგილემ ნიკა ბრეგვაძემ.

გენდერული თანასწორობის კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა და მისი ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად იყო.