პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ელექტორნული კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

2015-06-29 11:15:28

2015 წლის 25 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ელექტრონული კომუნიკაციების განმახორციელებელი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემას ახორციელებენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსპექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების სტანდარტული ფორმა და წესი და ხაზი გაესვა მობილური და ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებიდან 24 საათში ინსპექტორისთვის შესაბამისი შეტყობინების ვალდებულების მნიშვნელობას.

„ჩვენი ოფისი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, დასვენების დღეების ჩათვლით, ასე რომ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება კომპანიებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ კომპანიებისგან ინფორმაციის მიღება ხდებოდეს კანონით განსაზღვრულ ვადებში, რამდენადაც ჩვენ ვახდენთ ამ მონაცემების შედარებას სასამართლოსგან და მთავარი პროკურატურისგან მიღებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ვგეგმავთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ზედამხედველობის ღონისძიებებს, მათ შორის ინსპექტირებებს. ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ კომუნიკაციის განმახორციელებელ კომპანიებთან და ინდივიდუალურ რეჟიმში განვაგრძოთ მათთან კონსულტაციები“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა.