ევროპოლის ექსპერტები ინსპექტორის აპარატის საქმიანობას გაეცნენ

2015-06-04 11:10:34

2015 წლის 2 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპოლის ექსპერტები პელოპიდას დონოსი და ბართ დე ბუკი.

ექსპერტების ვიზიტის მიზანი იყო მიეღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება პერსონალური მონაცემების დაცვა სამართალდამცავ სექტორში.

შეხვედრაზე ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და იურისტებმა ექსპერტებს დეტალურად გააცნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, მასში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებები, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გადადგმული ნაბიჯები.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნინო სარიშვილმა პრეზენტაციის დროს მიმოიხილა ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მოხდა სამართალდამცავი ორგანოების შემოწმება, როგორც მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ისე ინსპექტორის ინიციატივით. გააცნო ინსპექტირების და დაჯარიმების წესები, მიმოიხილეს საზღვრის კვეთის დროს მონაცემთა დამუშავების გაუმჯობესებული სტანდარტები, პენიტენციურ სისტემაში ვიდეო-აუდიო მონიტორინგის შეცვლილი წესები, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის ორეტაპიანი სისტემა და თუ როგორ ხდება ინსპექტორის მიერ მონაცემთა ბანკების კონტროლი.

ექსპერტების შეკითხვები შეეხებოდა ინსპექტორის აპარატის მუშაობის პროცედურებს, თუ როგორ ხდება მონაცემების გამოთხოვა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, ასევე თუ როგორ რეგულირდება მონაცემების სხვა ქვეყნებში გადაცემა.

„ჩვენი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ჩავატარეთ 4 ინსპექტირება, 3 შემთხვევაში მოხდა უწყებების დაჯარიმება, გაცემული გვაქვს 50 კონსულტაცია, ჩვენს მიერ ჩატარებული 72 ტრენინგი გაიარა 2200 თანამშრომელმა, ინსპექტორის აპარატი მჭირდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რადგან ჩვენი მიზანია ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.

ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე შემუშავდება საქართველოსა და ევროპოლის შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი.