პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ავერსი-გეოფარმი, პსპ და სახალხო აფთიაქი დააჯარიმა

2015-06-01 11:08:41

2014 წლის დეკემბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ავერსი-გეოფარმი“, შპს „პსპ აფთიაქი“ და შპს „სახალხო აფთიაქი“ მათი ქსელის აფთიაქებში აწარმოებდნენ როგორც ვიდეო კონტროლს, ასევე მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას.

მოქალაქეთა მომართვის, ასევე თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინსპექტორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სამივე სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიო-ვიდეო კონტროლის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24 საათიან რეჟიმში დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას სამართლიანი ბალანსი უნდა იქნას დაცული მონაცემთა დამმუშავებლის კანონიერ ინტერესებს და მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი - აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი, ამ ფორმითა და მასშტაბით მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აუდიომონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა „მისტიური მომხმარებლი“, ცხელი ხაზი, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანიას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

„ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილე დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას მათ ინტერესებს და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.