2014 წლის ანგარიშის წარდგენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში

2015-03-24 13:16:37

2015 წლის 24 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ნიკა ბრეგვაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარუდგინა.

ნიკა ბრეგვაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად მიმოიხილა 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, მოქალაქეთა განცხადებათა განხილვისა და საჯარო და კერძო ორგანიზაციების ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და ტენდენციები, მიმოიხილა საზოგადოების ცნობიერების კუთხით გადადგმული აქტივობები და ღონისძიებები. ასევე შეეხო სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებს, რაც ინსპექტორის აპარატის ახალი ფუნქციაა.

ნიკა ბრეგვაძის განცხადებით, 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ინსპექტორის მანდატი გაფართოვდა, კანონი სრულად ამოქმედდა კერძო სექტორის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომართვიანობა.

"ჩვენი აპარატისთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან გაიზარდა როგორც მონაცემთა დამმუშავებლების, ისე მოქალაქეების მომართვიანობა და ამასთანავე, მოხდა ინსპექტორის აპარატის ფუნქციური და ინსტიტუციური გაძლიერება. 2015 წელსაც მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ასევე მოქალაქეებთან, რათა მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერად და ყოველი მოქალაქის პერსონალური მონაცემები იყოს დაცული" - აღნიშნა ინსპექტორის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დადებითად შეაფასა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობა. აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ანგარიში, რომელსაც კომიტეტი ინსპექტორის აპარატის ჩამოყალიბების შემდეგ ისმენს. ,,კომიტეტისთვის საინტერესოა, თუ როგორ ხორციელდება ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვა და დამატებით კიდევ რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული უწყების საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ადევნებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობას და დადებითად აფასებს მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.