პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2014 წლის ანგარიში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა

2015-03-18 13:07:46

2015 წლის 17 მარტს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა 2014 წელს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტს წარუდგინა.

თამარ ქალდანმა კომიტეტის წევრებს გააცნო გასულ წელს შემოსული განცხადებების განხილვის და მათზე რეაგირების შედეგები, ასევე ჩატარებული ინსპექტორებიბის შედეგები და აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩატარდა მონაცემთა ყველა მსხილი დამმუშავებლების შემოწმება, ჯამში შემოწმდა 13 ორგანიზაცია, აქედან მოხდა 3 ორგანიზაციის დაჯარიმება.

2014 წელს ინსპექტორმა განიხილა 30-მდე მოქალაქის განცხადება, 1000-მდე კონსულტაცია იქნა გაცემული, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ინსპექტორის აპარატმა ტრენინგი ჩაუტარა 1400-ზე მეტ მოხელეს.

ანგარიშის წარდგენის დროს პარლამენტარებმა ინსპექტორს კითხვა დაუსვეს ახალი ფუნქციის შესახებ, რომლის შემდეგაც 2015 წლის 31 მარტიდან ჩამოყალიბდება ინსპექტორის მიერ ფარული მიყურადების დროს მონაცემთა დამუშავების კონტროლის ორ-ეტაპიანი სისტემა, „შარშან სწორედ იურიდიულ კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მოხდა კანონმდებლობაში ცვლილებები. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რომ 31 მარტს მზად დავხვდეთ" - განაცხადა თამარ ქალდანმა.

ინსპექტორმა ხაზგასმით ისაუბრა ვიდეოთვალთვალის საკითხებზე, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დარეგულირდა და პარლამენტარებს გააცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვრის კვეთის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგები, რომლის შემდეგაც სამინისტრომ დაიწყო ახალი სტანდარტის დანერგვა. ცვლილებების შედეგად სახელმწიფო საზღვარზე ფოტოგადაღება მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და არა ყველა მოქალაქისთვის, სტანდარტულად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამასთან, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდა ვიდეოთვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები და განისაზღვრა საზღვრის კვეთის პროცესში მოპოვებული მონაცემების შენახვის ვადა.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტარებმა ინსპექტორს კონკრეტული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.

ინსპექტორი თამარ ქალდანი 2014 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც წარუდგენს.