ინსპექტორის აპარატმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

2015-05-27 13:05:05

2015 წლის 26 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პირველად მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გზავნილით - ერთად დავიცვათ ჩვენი პირადი ცხოვრება.

ინსპექტორის აპარატმა მოსულ სტუმრებს რამდენიმე აქტივობა შესთავაზა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვის დეკლარაციაზე ხელმოწერა. სიმბოლურად, დეკლარაცია პირველი ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოაწერა, მის შემდეგ კი ინსპექტორის მოადგილემ - ნიკა ბრეგვაძემ.

სპეციალურად მოწყობილ კარავში მოქალაქეებს შესაძლებლობა ქონდათ უარი ეთქვათ არასასურველ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ასევე მიეღოთ პროფესიონალური კონსულტაცია სხვადასხვა იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით.

კარვის გვერდით მოწყობილ გადასაღებ მოედანზე მოქალაქეებს საშუალება ქონდათ პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სახალისო ბანერებით გადაეღოთ ფოტოები. ბავშვების გართობაზე ზრუნავდნენ ილუზიონისტი, ჯამბაზი, ანიმატორი.

„ჩვენი აპარატი წელს პირველად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს არის კარგი საშუალება მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მათ უფლებებზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ბევრი ჩერდება, გვეკითხება საკონტაქტო ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ჩვენი გადასაღები მოედანი აღმოჩნა მიმზიდველი - როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, რაც ძალიან გვახარებს“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა.

იხილეთ ფოტოგალერეა.