ინსპექტორის აპარატმა ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციები შეიმუშავა

2015-05-05 12:59:17

 

სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების მხრიდან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების მზარდი დინამიკისა და ამ საკითხზე გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაციები მოამზადა.

ბიომეტრიული მონაცემი არის ინდივიდის ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, მაგალითად თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, სახის მახასიათებელი და სხვა.

„ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების კანონიერების საკითხზე გაზრდილი მომართვიანობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ თემაზე სპეციალური რეკომენდაციების მომზადება. ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების კანონიერება, ადეკვატურობა და პროპორციულობა წარმოადგენს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, კანონი ამომწურავად განსაზღვრავს აღნიშნული ტიპის მონაცემთა დამუშავების კანონიერ საფუძვლებს, პრინციპებს, მიზნებს, უსაფრთხოებას, მოქალაქეთა უფლებებსა და მათ დასაცავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლს. მნიშვნელოვანია, მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა“ - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

დოკუმენტი 6 თავისგან შედგება და დეტალურადაა აღწერილი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი და პრაქრიკული ასპექტები, იმ ორგანიზაციათა ვალდებულებები, რომლებიც ახდენენ მონაცემების დამუშავებას.

დოკუმენტი შემუშავებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე და ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.